fbpx

სარეკომენდაციო წერილის შედგენა

კარიერული ცხოვრების მანძილზე დგება მომენტი, როდესაც გარკვეული გავლენის მქონე ადამიანებისგან გვსურს სარეკომენდაციო წერილის მიღება, ან ჩვენ ვხვდებით კონკრეტული პირის რეკომენდატორი. რეკომენდაცია, ხშირ შემთხვევაში უმთავრეს როლს თამაშობს ამა თუ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს.

კარგი რეკომენდაცია, ასახავს ადამიანის შესაძლებლობებს – კარგ პიროვნულ თვისებებს, კარგ პროფესიულ მახასიათებლებს და ა.შ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს უარყოფითი რეკომენდაციებიც, რომლებიც ასევე ასახავენ ადამიანის შესაძლებლობებს, ოღონდ პირიქით – უარყოფით პიროვნულ თვისებებს, უარყოფით პროფესიულ მახასიათებლებს და ა.შ. ამ ბლოგში, საუბარი გვექნება კარგი რეკომენდაციის მქონე წერილის შექმნაზე ისე, რომ არ დავკარგოთ მისი დამაჯერებლობა და წარმოვაჩინოთ მაქსიმალურად რეალური სურათი.

სანამ სარეკომენდაციო წერილის შექმნას შეუდგებით, აუცილებლად მოითხოვეთ კანდიდატისგან მისი სამოტივაციო წერილი, რომ მიხვდეთ, რამდენად არის მონდომებული იმ პოზიციისთვის, თუ სხვა მიზნის მისაღწევად, რისთვისაც სურს თქვენი რეკომენდაცია.

მარტივი შესავალი

წერა დაიწყეთ იმაზე საუბრით, თუ რა არის წერილის მიზანი და აუცილებლად ახსენეთ კომპანია, ან პირი, თუ ვისი მისამართითაც იგზავნება აღნიშნული წერილი. ამის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ აღწეროთ, თუ რამდენად კარგად იცნობთ პიროვნებას, რომელსაც რეკომენდაციას უწევთ. ამასთან, მიუთითეთ დრო, რამდენი ხანია რაც მას იცნობთ. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ უშუალოდ ის პერიოდი, როცა ურთიერთობა გქონდათ, მაგალითად: „2005-2008 წლებში“ ან „2007 წლიდან 4 წლის განმავლობაში“ და ა.შ.

კვალიფიკაციის აღწერა

გამოყავით ახალი აბზაცი. მოიყვანეთ, ყველაზე მეტად შესაფერისი არგუმენტები, თუ რატომ ფიქრობთ, რომ ადამიანი, რომელსაც რეკომენდაციას უწევთ, არის კვალიფიცირებული ამ პოზიციისთვის ან ზოგადად კომპანიისთვის. შესაბამისად, თქვენ მოგიწევთ, რომ გაეცნოთ იმ ფუნქცია-მოვალეობებს, რაც აღნიშნულ პოზიციისთვის არის საჭირო. ეცადეთ გაიხსენოთ და მოკლედ მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითი, პოზიციასთან შესაფერის რომელიმე სიტუაციაში, როგორ გაართვა თავი სარეკომენდაციო პირმა დასახულ ამოცანებს.

ამ ნაწილში, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთზე მეტი აბზაცი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კვალიფიკაციის აღწერა არ უნდა აღემატებოდეს სარეკომენდაციო წერილის საერთო მოცულობის 60%-ს.

უპირატესობა

რამდენადაც შესაძლებელია, შეეცადეთ გამოყოთ სარეკომენდაციო კანდიდატის ძლიერი მხარეები ისე, რომ მოახდინოთ მისი სხვა ადამიანებზე შედარება – მაგალითად: „ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახი გონების სტუდენტი ჩემს ჯგუფში“ ან „ის პუნქტუალურობითა და დისციპლინით, ყოველთვის გამოირჩეოდა გუნდის სხვა წევრებისგან“ და ა.შ.

დასკვნა

დასასრულს, შეგიძლიათ შესთავაზოთ დამატებითი გასაუბრება და მზადყოფნა, კანდიდატზე, სხვა ინფორმაციის მიწოდებისთვის, რაც მის ნიჭსა და სხვადასხვა სამსახურებრივ უნარებს შეეხება. ეს უფრო დამაჯერებლობას შესძენს თქვენს წერილს და წარმოგაჩენთ, როგოც საკუთარი სიტყვების გარანტორს და დიდსულოვან ადამიანს.

საკონტაქტო მონაცემები და რეგალია

გამომდინარე იქედან, რომ დასკვნით ნაწილში გამოხატავთ დამატებით დაკავშირების შესაძლებლობას, წერილის ბოლოს უნდა მიუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერი და E_Mail. ტელეფონის ნომრის მითითებით, თქვენ ადასტურებთ თქვენი სიტყვების სიმართლეს და ფაქტიურად, ანაცვლებთ კალმით ხელმოწერის აუცილებლობას, ხოლო E_Mail-ის მითითება, საქმიანი მიმოწერის აუცილებელი ატრიბუტია.

წერილის ბოლოს მიუთითეთ თქვენი ამჟამინდელი პოზიცია, თანამდებობა, სტატუსი, რომლითაც პოზიციონირებთ. სახელი და გვარის მითითების წინ, დაწერეთ: „პატივისცემით“.

და ბოლოს – თქვენ შეიძლება, კიდევ ერთხელ, უფრო მეტი ყურადღებით მოგიწიოთ ამ ბლოგის წაკითხვა, რადგან – გახსოვდეთ, რომ არასწორი რეკომენდაციის გაცემა, იმავდროულად, თქვენი ცუდი რეკომენდაციაა.

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
overcast clouds
2.8 ° C
2.8 °
2.8 °
93 %
2.1kmh
100 %
Sun
3 °
Mon
1 °
Tue
2 °
Wed
4 °
Thu
1 °

მსგავსი