fbpx

სამოტივაციო წერილის შედგენა

CV/რეზიუმეზე მეტად დამსაქმებელზე შთაბეჭდილებას სამოტივაციო წერილი ახდდენს. სტატიაში საუბარია სამოტივაციო წერილის მნიშვნელობასა და სტრუქტურაზე.

დამსაქმებელთან გაგზავნილ სამოტივაციო წერილს ორი მთავარი მიზანი გააჩნია:

  1. უნდა დაარწმუნოს, შენი პოტენციური დამსაქმებელი, რომ დაგიბაროს გასაუბრებაზე;
  2. უნდა წარმოაჩინოს ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც არ ჩანს თქვენს CV-ში.

სამოტივაციო წერილის შექმნისას, უნდა იფიქრო, როგორც მის შინაარსსა და ზომაზე, ასევე სტრუქტურასა და სტილისტიკაზე. მოდი, დავიწყოთ სტილით:

სამოტივაციო წერილის სტილი

გამოიყენე ფონტი, მხოლოდ და მხოლოდ – Sylfaen. მისი არ ქონის შემთხვევაში, ეცადეთ შეარჩიოთ სადა და მარტივი ფონტი. შრიფტის ზომა უნდა იყოს 12 კეგელი. გახსოვდეს, რომ მთელი დოკუმენტი ერთი ზომისა და ფონტის უნდა იყოს. დასაშვებია მხოლოდ სათაურისთვის, შედარებით დიდი ზომის – 14 კეგელის გამოყენება ან უმჯობესია გამოიყენოთ (Bold) ფუნქცია. აღნიშნული ფუნქციის გამოყენება შეგიძლიათ ასევე ქვესათაურებზეც. დაიცავით სტანდარტული Word დოკუმენტის არეები.

სამოტივაციო წერილის სტრუქტურა

 შენ უნდა შექმნა სამოტივაციო წერილის 4 ნაწილი, რომელიც დაყოფილი იქნება აბზაცებად. შესაბამისად, წერის დაწყების წინ, ფიქრიც ამ ნაწილების მიხედვით გაანაწილე, კერძოდ:

პირველი ნაწილი – საკუთარ თავზე ისაუბრე რაც შეიძლება უშუალოდ და მარტივად. ნუ დაიწყებ წინადადებით „ჩემი სახელია…“ ამის ნაცვლად გამოიყენე – „მე მქვია…“ ან „მე ვარ…“ უკეთესი იქნება თუ დაიწყებ მაგალითად შემდეგი სიტყვებით: „უკვე 18 წლის ვარ და…“ ან უბრალოდ თქვი, თუ როგორ შეიტყვე ვაკანსიის შესახებ, რადგან უმრავლეს შემთხვევაში, დამსაქმებელს, უკვე წაკითხული აქვს შენი CV და „გიცნობს“. მას შემდეგ როცა იტყვი, თუ როგორ შეიტყვე ვაკანსიის შესახებ, აუცილებლად ახსენე რატომ არის მიმზიდველი შენთვის ეს ვაკანსია. 

მეორე ნაწილი – უნდა ისაუბრო იმ უნარებისა და გამოცდილებაზე, რაც მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნულ ვაკანსიას უკავშირდება. მეორე ნაწილმა უნდა გაამყაროს სამოტივაციო წერილის პირველი ნაწილი, ამიტომ ხაზი გაუსვი იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებ ვაკანსიაში მოცემულ მოთხოვნებს. შეიძლება ითქვას, რომ პირველ ნაწილში ამბობ, თუ რატომ არის მიმზიდველი ვაკანსია შენთვის, ხოლო მეორე აბზაცში, კი ნაჩვენები უნდა იყოს ის, თუ რატომ ხარ შესაფერისი კანდიდატი ამ ვაკანსიისთვის.

მესამე ნაწილი – პასუხი გაეცი კითხვას: „რატომ გსურს აღნიშნული პოზიციის დაკავება?“ აღნიშნე ის უნარები, რომელსაც ამ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში შეიძენ. ამასთან, არ დაგავიწყდეს იმის თქმაც, თუ რა სარგებელს მოუტან ორგანიზაციას, შენი მუშაობით.

მეოთხე ნაწილი – ხშირ შემთხვევაში და სამწუხაროდ, მეოთხე ნაწილს, სამუშაოს მაძიებლები ყურადღებას არ აქცევენ და უგლებელყოფენ. თუმცა, დამსაქმებელზე, საბოლოო წარმოდგენას სწორედ დასკვნითი ნაწილი ქმნის. შენ უნდა გამოხატო გასაუბრების სურვილი, რომ უფრო დეტალურად გააცნო საკუთარი შესაძლებლობები მათ. ასევე, აუცილებლად გამოთქვი მზაობა დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად და მადლობა გადაუხადე, რომ გამონახეს დრო, შენი დოკუმენტაციისა და სამოტივაციო წერილის გასაცნობად.

სამოტივაციო წერილის შინაარსი და ზომა

ისაუბრე მხოლოდ იმ გამოცდილებაზე, რომელიც კონკრეტულ ვაკანსიას შეესაბამება. თუ შესაბამისი გამოცდილება ჯერ არ დაგიგროვებია, ან ეს შენი პირველი სამსახურია, იყავი თამამი და თქვი აღნიშნულის შესახებ. დაამატე, რატომ გადაწყვიტე ამ კომპანიაში CV-ის გაგზავნა და მოიყვანე თუნდაც ერთი მაგალითი, კომპანიის მოღვაწეობიდან. მაგალითად მოგეწონა გამოფენა, რომელიც კომპანიამ გამართა, ან კონკრეტული პროდუქტი, რომელსაც კომპანია აწარმოებს და ა.შ. შენი არგუმენტები რეალური უნდა იყოს, ამიტომ კარგად გაეცანი კომპანიის ისტორიას და მოღვაწეობას.

რაც შეეხება სამოტივაციო წერილის ზომას, ის უნდა იყოს Word დოკუმენტის მინიმუმ  ნახევარი – 100-150 სიტყვა და მაქსიმუმ 2 გვერდი – 350-400 სიტყვა.

და ბოლოს, გახსოვდეს – იყავი გულწრფელი!

აბა, წარმატებები!

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
clear sky
11.8 ° C
11.8 °
11.8 °
94 %
3.6kmh
0 %
Mon
27 °
Tue
25 °
Wed
27 °
Thu
28 °
Fri
29 °

მსგავსი