ჯეფრი ფრესთონ ბეზოსი (Jeffrey Preston Bezos) – ამერიკელი ფინანსისტი, ბიზნეს-ანალიტიკოსი და კომპანია ”ამაზონის” (Amazon.com Inc.) დამფუძნებელია. სტატიაში საუბარია საინტერესო ფაქტების შესახებ, რამაც გავლენა მოახდინა მის წარმატებაზე.
ის 1964 წელს თექსასში (ტეხასი) დაიბადა, თუმცა მოგვიანებით დედამისი და მამინაცვალი (კუბური წარმოშობის მიგელ ბეზოსი) ფლორიდაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ჯეფ ბეზოსმა სკოლა მაიამიში დაამთავრა, თან სკოლაში სწავლასთან ერთად, ფლორიდის უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო დახელოვნების პროგრამაში მონაწილეობდა და 1982 წელს ვერცხლის რაინდის (Silver Knight Awards) ჯილდოც დაიმსახურა, როგორც გამორჩეულმა მოწაფემ, შემდგომ, სწავლა ფრინსთონის უნივერსიტეტში განაგრძო, ხოლო მეცნიერებისა და ტექნოლოგის დოქტორის ხარისხი ენდრიუ ქარნეგის მიერ დაარსებულ ფითსბურგის ქარნეგი მელონ უნივერსიტეტში მოიპოვა.
ფრინსთონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა უოლ-სთრითზე, ბანკერს თრასთში, შემდეგ კი მოულოდნელად ყველაფერი მიატოვა, მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკიდან ფორთ ვორში გადავიდა იქედან კი ბალვიუში (ვაშინგთონის შტატი) გაემგზავრა, რათა 1994 წელს დაეფუძნებინა კომპანია „ამაზონი“, რომლის პირველი მისამართი – ბეზოსის ავტოფარეხი იყო, ხოლო კაპიტალი – მამისგან მიღებული 300 000 დოლარიანი ჩეკი.
ზოგადად ავტოფარეხში მუშაობა ჯეფრი ბეზოსს კარგად ჰქონდა დაცდილი –ადრევე უყვარდა მას ჩხირკედელაობა მშობლების ავტოფარეხში, თექსასში, რომელიც საკუთარ სამეცნიერო ლაბორატორიად გადააქცია…
1999 წელს ჟურნალმა Time წლის ადამიანად დაასახელა, ხოლო 2008 წელს ჟურნალმა U.S. News & World Report ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ლიდერთა შორის მოიხსენია (America’s Best Leaders: Jeff Bezos, Amazon.com CEO).
ჯეფ ბეზოსის ავტოფარეხში დაფუძნებული „ამაზონი“ დღეს მსოფლიოში წამყვანი ელექტრონული კომერციის კომპანიაა, 20 ათასიანი თანამშრომელთა გუნდითა და 20 მილიარდიანი დოლარის წლიური ბრუნვით, ინტერნეტ–მაღაზიებით ამერიკაში, კანადაში, იაპონიაში, ჩინეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, გამორჩეული საუკეთესო სერვისითა და პროდუქტთა მრავალფეროვნებით (ნემსითა და ძაფით დაწყებული და ავეჯით დამთავრებული).
1994 წელს კი „Amazon.com“ იყო „დედამიწის ზურგზე უდიდესი წიგნების მაღაზია“ – როგორც ეს საკუთრივ ვებ-გვერდზევე იყო აღნიშნული (მსოფლიოს უდიდესი მდინარის ამაზონის (Rio Amazonas) სახელწოდებაც სწორედ ამიტომ შეურჩია ბეზოსმა თავის კომპანიას, თუმცა, თავდაპირველად Cadabra-ს დარქმევას გეგმავდა).
ჯეფრი ბეზოსის მიზანი იყო მუდმივი ზრდა და ბაზრის წილის გაფართოება. მისი ბიზნეს კონცეფცია აგებული იყო საუკეთესო მომსახურების შეთავაზებაზე, ერთგულ კლიენტთა კასტის ჩამოყალიბებაზე და გასაყიდი საქონლის ნუსხის მაქსიმალურად გამრავალფეროვნებაზე. ის დიდი რაოდენობით სესხულობდა თანხებს ბიზნესის განვითარებისთვის და, შესაბამისად, საწყის ეტაპზე კომპანიის ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატებოდა კომპანიის შემოსავლებს. ამავდროულად, ინტერნეტ-ვაჭრობის სხვადასხვა სეგმენტზე შეღწევის მიზნით, ბეზოსმა რამდენიმე სხვა კომპანია შეისყიდა. ერთგულ კლიენტთა რაოდენობისა და ბაზრის განსხვავებულ სეგმენტებზე ფოკუსირების წყალობით – „ამაზონი“ ელექტრონული კომერციის უპირობო ლიდერი გახდა, როგორც ბრუნვის, ასევე მოგების მოცულობით.
http://www.amazon.com-ს წლის განმავლობაში 700 მილიონ ადამიანზე მეტი სტუმრობს (www.walmart.com-ს, შედარებისთვის – 300 მილიონამდე).
ერთის მხრივ – „ამაზონი“ სხვადასხვა სეზონური ვაჭრობების, აუქციონების დროს მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისგან იძენს სხვადასხვა სახის პროდუქციას, რომელსაც შემდგომ საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს საკუთარი საწყობებიდან. ეს საწყობები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია განლაგებული (აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ჩინეთი…), როგორც წესი – აეროპორტების მახლობლად, რაც საქონლის მიწოდების დროს რეკორდულად ამცირებს.
მეორეს მხრივ – „ამაზონი“ არაერთი კომპანიის, სავაჭრო ცენტრისა თუ მაღაზიის უდიდესი ონლაინ-დისტრიბუტორია – ასეთ შემთხვევაში, შესყიდული საქონელი კლიენტს Amazon.com-ის ვებ-გვერდის გავლით, მაგრამ, რეალურად, რომელიმე სავაჭრო ცენტრიდან თუ მაღაზიიდან მიეწოდება, ამასთან, ყოველგვარი ფასნამატის გარეშე
2002 წელს ამაზონმა დაიწყო ახალი წარმატებული პროექტი – ამაზონის ვებ-სერვისის (Amazon Web Services – AWS) სახით. AWS სხვადასხვა ვებ-გვერდების მფლობელებს ემსახურება და მისი კლიენტთა ბაზა 300 000-ს აჭარბებს.
ჯეფ ბეზოსის ორიენტირი მაღალი ხარისხის მომსახურებაზე უცვლელია – 2009 წლის გაზაფხულის მონაცემებით, Amazon.com-ის მიმართ კლიენტთა კეთილგანწყობა 100-ქულიან შკალაზე 84 ქულით ფასდება (ეს მეორე შედეგია და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ვიდეოფილმების გაქირავების სერვისს Netflix.com-ს).
Marketresearch.com-ის მონაცემებით, ამერიკელ ინტერნეტ-მომხმარებელთა 86% ინტერნეტს პროდუქციის შერჩევა-შედარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის იყენებს. ამათგან 80% ონლაინ მყიდველიცაა – ანუ შერჩევის შემდეგ შეკვეთასაც ინტენრეტის მეშვეობით აფორმებს.