fbpx

საბაჟო საქმე, პროფესიული პროგრამა

პროფესიასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები

საბაჟო საქმის ისტორია იწყება იმ უძველესი დროიდან, რაც ადამიანებმა დაიწყეს ქალაქებად და ქვეყნებად ორგანიზებული ცხოვრება. საბაჟო გადასახადის აკრეფის წესი უკვე არსებობდა ძვ.წ. III ათასწლეულში, ძველი ეგვიპტისა და აღმოსავლეთის ძველ მოწინავე ცივილიზაციებში. საბაჟო გადასახადები ძირითადად ემსახურებოდა სახელმწიფოს ფინანსურ საჭიროებებს. სიტყვა “საბაჟო”-ს მნიშვნელობას თავდაპირველად ატარებდა ლათინური სიტყვა “teloneum” (შემოკლებით “tol”, “Tsol”, გერმანულად “Zoll”).

მე-17-18 საუკუნეში საბაჟო გადასახადების იდეა სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ქვეყნის ეროვნული წარმოების დასაცავად. კერძოდ, მაღალი საბაჟო გადასახადის გამო უცხოური საქონელი ძვირდებოდა, რაც იგივე დანიშნულების ადგილობრივ საქონელს კონკურენტუნარიანს ხდიდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნათლად გამოჩნდა საბაჟო სამსახურის როლი, რომ ქვეყნებს შორის არ მომხდარიყო გაუკონტროლებელი ვაჭრობა. ამიტომაც, 1947 წელს ხელი მოეწერა გენერალურ შეთანხმებას ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ (GATT), რომელსაც 1995 წლიდან – ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ეწოდება (WTO/ვმო). ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ქვეყნების მიერთების წლები და დინამიკა  შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

ფოტო 1. WTO – ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ლოგო

იმავე წელს, GATT-ის მოთხოვნით, საფუძველი ჩაეყარა ქვეყნების საბაჟო სამსახურების გაერთიანებას. საბაჟო სამსახურების გაერთიანებას 1953 წელს ეწოდა – საბაჟო თანამშრომლობის საბჭო (CCC – Customs Co-operation Council), ხოლო 1994 წლიდან – მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO/მსო).

ფოტო 2. WCO – მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ლოგო

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან ქვეყნების მიერთების წლები და დინამიკა  შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

ქართულ წყაროებში ბაჟს ზუერი ეწოდებოდა, მებაჟეს მეზუერე. საქართველო მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას (WCO) მიუერთდა 1993 წელს, ხოლო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას (WTO) – 2000 წელს.

პროგრამის აღწერა

სახელწოდება: საბაჟო საქმე / Customs Study
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საბაჟო საქმეში / Higher Vocational Qualification in Customs Study
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

საერთაშორისო კლასიფიკაცია

განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – „ადამიანებისა და საკუთრების დაცვა“, კოდი 1032, აღმწერი – ,,შეისწავლის საზოგადოებისთვის გაწეულ მომსახურებებს, რომლების უკავშირდება, როგორც ადამიანებს ასევე მათი საკუთრების დაცვას. მოიცავს საპოლიციო მომზადებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახანძრო დაცვას და ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლას.“

პროგრამის მიზანი

პროფესიული პროგრამის მიზანია საბაჟო საქმის სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს განახორციელოს საბაჟო საზღვრის კვეთასთან, საქონლის საბაჟო გაფორმებასთან, საბაჟო ზედამხედველობასთან, საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან, ასევე საბაჟო წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ამოცანები. პროგრამის მიზანია, მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. სპეციალისტები აღჭურვილი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

საბაჟო საქმეში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს როგორც საჯარო (სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი), ისე კერძო სექტორში (საბროკერო, საკონსულტაციო, სავაჭრო, სამრეწველო, გადამზიდველი და ლოგისტიკური კომპანიები, დიპლომატიური დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საბაჟო საწყობები და ტერმინალები). საჯარო სექტორში ის შეიძლება დასაქმდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ან საბაჟო გაფორმების საბაჟო ოფიცრად, ხოლო კერძო სექტორში – საბაჟო ბროკერად, საბაჟო დეკლარანტად, საბაჟო გაფორმების სპეციალისტად. ეს ფუნქციები შესაძლოა შერწყმულ იქნეს ლოგისტიკის სპეციალისტის, საბაჟო ტერმინალის მომსახურების განყოფილების სპეციალისტების ფუნქციებთან. კარიერული ზრდის თვალსაზრისით, კურსდამთავრებულს სწავლის გაგრძელება შეუძლია შემდგომ საფეხურებზე ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით.

კურსდამთავრებულს შეეძლება:

  1. განახორციელოს საბაჟო ზედამხედველობა;
  2. გააკონტროლოს ფიზიკური პირი;
  3. გააკონტროლოს სატრანსპორტო საშუალებები;
  4. განსაზღვროს საქონლის წარმოშობის ქვეყანა და საბაჟო ღირებულება;
  5. განსაზღვროს სასაქონლო ოპერაცია და გაუკეთოს ადმინისტრირება საბაჟო გადასახდელებს;
  6. განახორციელოს საბაჟო დეკლარირება;
  7. განახორციელოს საბაჟო გაფორმება;
  8. განახორციელოს სასაზღვრო საკარანტინო კონტროლი;
  9. განახორციელოს არასატარიფო ღონისძიებები;
  10. განახორციელოს საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

შრომის საშუალო ანაზრაურება: 1000-1500 ლარი

წყარო:
The history of customs from the beginning to the present
საბაჟო საქმე – პროფესიის განვითარების პერსპექტივა საქართველოში
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
overcast clouds
7.8 ° C
7.8 °
7.8 °
66 %
1kmh
100 %
Wed
8 °
Thu
10 °
Fri
7 °
Sat
1 °
Sun
2 °

მსგავსი