fbpx

საბაჟო საქმე – პროფესიის განვითარების პერსპექტივა საქართველოში


სტატიას წარმოგიდგენთ


ვიდეოს შესახებ

III ეროვნული კონფერენცია
პროფესიული განათლების როლი პროფესიის განვითარებაში
ორგანიზატორი: საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია

ლუკა ვეფხვაძე
საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის სტუდენტი
პროფესიული მასწავლებელი: პაატა ცაგარეიშვილი

საგარეო ვაჭრობის დასაწყისი

მოგეხსენებათ, საბაჟო საქმის განვითარება თან სდევს საგარეო ვაჭრობის განვითარებას. მოდი ცოტა ხნით დავბრუნდეთ იმ დროში, როდესაც არ არსებობდა გზები, ინტერნეტი, ცივილიზაცია, ადამიანებმა არ იცოდნენ ვაჭრობა.

ფოტო 1. თავდაპირველად ვაჭრობა ერთი სოფლის ფარგლებს არ სცილდებოდა

წარმოიდგინეთ მიწათმოქმედი ადამიანების ოჯახი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხელით მოყვანილი ბოსტნეულით იკვებება. დროთა განმავლობაში მობეზრდათ ბოსტნეული და იმავე სოფელში, მეზობლად, ნახეს ფერმერის ოჯახი. ვინაიდან ფერმერის ოჯახსაც მობეზრებული აქვს ძროხის პროდუქტები, ამათ შორის შედგა გაცვლა. შედეგად ორივე ოჯახის ცხოვრება გახდა უფრო მრავალფეროვანი (ფოტო 1).

ფოტო 2. გაცვლა სოფლებს შორის.

ცოტა ხნის შემდეგ გაიგეს, რომ სხვა სოფელში ცხვრის ფერმა აქვს ვიღაცას. სოფლებს შორის დაიწყო გაცვლა (ფოტო 2). ცხოვრება გახდა კიდევ უფრო მრავალფეროვანი.

საინტერესოა, პირველად ევროპის რომელმა ქვეყნებმა დაიწყეს ერთმანეთს შორის ვაჭრობა და რატომ?

საგარეო ვაჭრობის განვითარება ევროპაში

ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება ადამ სმიტი. ადამ სმიტი ამბობდა, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობის განვითარებას ხელი შეუწყო საზღვაო ტრანსპორტის განვითარებამ. ამასთან, გიბრალტარის სრუტეს იქით ატლანტის ოკეანეში ნავით გასვლა დიდხანს ფრიად საკვირველ და უაღრესად სახიფათო გმირობად ითვლებოდა.

ფოტო 3. თავდაპირველად ვაჭრობა ხმელთაშუა ზღვის პირა ქვეყნებს შორის ხორციელდებოდა.

შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის განვითარება დაიწყო ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან მდებარე ქვეყნებში *, რომელთა შორის იყვნენ – ეგვიპტე, საბერძნეთი, რომის იმპერია, კართაგენი, სირია, ისრაელი და ლიბანი (ფოტო 3).

ფოტო 4. ქართველებს საშუალება ჰქონდათ საზღვაო გზით მოხვედრილიყვნენ პირველ სავაჭრო მარშრუტებზე

ამ ფონზე ძალიან კარგად ჩანს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა. ქართველებს საშუალება ჰქონდათ, საზღვაო გზით მოხვედრილიყვნენ პირველ სავაჭრო მარშრუტებზე (ფოტო 4). სამწუხაროდ, მაშინდელი ქართველი ვაჭრების შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

ცოტა ხნით შევეშვათ დასავლეთს და ვნახოთ რა ხდებოდა მანამდე, ჩვენი გლობუსის აღმოსავლეთ ნაწილში.

საგარეო ვაჭრობის განვითარება ჩინეთში

ფოტო 5. ჩვ. წ. აღ.-მდე 121 წელს, ჩინელმა ვაჭრებმა აქლემების ქარავანით გამოიტანეს აბრეშუმი ექსპორტზე.

ჩვ. წ. აღ.-მდე 121 წელს, ჩინელმა ვაჭრებმა აქლემების ქარავანით გამოიტანეს აბრეშუმი ექსპორტზე (ფოტო 5). ამ გზით ხვდებოდა აბრეშუმი ევროპაში. სწორედ ამიტომ ეწოდება მათ მიერ გავლილ გზას – აბრეშუმის გზა.

ფოტო 6. როდესაც აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყნებს შორის ომი იყო, ეს გზა საქართველოზე გადიოდა.

როდესაც ამ გზაზე მდებარე ქვეყნებს შორის ომი იყო, ეს გზა საქართველოს გავლით გრძელდებოდა ევროპისკენ (ფოტო 6). აი კიდევ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის უმნიშვნელოვანესი დადებითი მხარე.

საგარეო ვაჭრობაზე მოქმედი ფაქტორები

1. 1492-1522 – დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები:

ფოტო 7. პირველი, ვინც გიბრალტარის სრუტეს იქეთ გასვლა გაბედა, იყო ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიცია

დავუბრუნდეთ დასავლეთ ნაწილს. როგორც აღვნიშნეთ, საგარეო ვაჭრობა ევროპაში თავდაპირველად ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან მდებარე ქვეყნებმა დაიწყეს. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ საბაჟო საქმის განვითარებასაც ამ ქვეყნებში ჩაეყარა საფუძველი. შეიძლება ითქვას, თავდაპირველად საგარეო ვაჭრობა ჩაკეტილი იყო ხმელთაშუა ზღვაში. პირველი, ვინც გიბრალტარის სრუტეს იქეთ გასვლა გაბედა, იყო ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიცია (ფოტო 7). კოლუმბმა 1492-1502 წლებში 4-ჯერ იმოგზაურა ამერიკაში ** (ფოტო 8).

ფოტო 8. 1492-1502 წლებში, კოლუმბმა ოთხჯერ იმოგზაურა ამერიკაში.

მე-4 მოგზაურობაზე, კუნძულ გუანაიასთან მათ შეხვდათ კანოეს ტიპის ნავი. ნავის მგზავრები აღმოჩნდნენ ვაჭრები, რომლებმაც ევროპელებს შესთავაზეს სპილენძის ფირფიტები, ქვის ხელცულები კაკაოს მარცვლები და ბამბის ქსოვილები (ფოტო 9).

ფოტო 9. მე-4 მოგზაურობაზე, კუნძულ გუანაიასთან მათ შეხვდათ კანოეს ტიპის ნავი. ნავის მგზავრები აღმოჩნდნენ ვაჭრები.

ეს იყო ევროპული და ამერიკული ცივილიზაციის (ე.წ. მაიას ცივილიზაცია) პირველი შეხვედრა. ეს პერიოდი შუა საუკუნეების დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების სახელით არის ცნობილი მსოფლიო ისტორიაში.

ფოტო 10. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად, სავაჭრო გზებმა ხმელთაშუა ზღვიდან გადაინაცვლა ოკეანეში.

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად, სავაჭრო გზებმა ხმელთაშუა ზღვიდან გადაინაცვლა ოკეანეში. საგარეო ვაჭრობამ მიიღო მსოფლიო ხასიათი. ჩამოყალიბება დაიწყო მსოფლიო ბაზარმა (ფოტო 10).

2. 1750-1850 – ინდუსტრიული რევოლუცია:

ფოტო 11. ინდუსტრიული რევოლუციის დროს ადამიანებმა მასობრივად დაიწყეს მუშაობა საოჯახო მეურნეობებიდან ქარხნებში.

საგარეო ვაჭრობის განვითარებას ასევე ხელი შეუწყო ინდუსტრიულმა რევოლუციამ. ინდუსტრიული რევოლუციის დროს ადამიანებმა მასობრივად დაიწყეს მუშაობა საოჯახო მეურნეობებიდან ქარხნებში (ფოტო 11). ამ დროს მომხდარმა ცვლილებებმა მიწათმოქმედებაში, მრეწველობაში, ტრანსპორტირებასა და ტექნოლოგიებში უდიდესი ეფექტი მოახდინა საგარეო ვაჭრობის მასშტაბების გაზრდაზე.

3. 1914-1918 – I მსოფლიო ომი / II მსოფლიო ომი – 1939-1945:

ფოტო 12. საგარეო ვაჭრობის განვითარებაზე დამანგრეველი გავლენა იქონია პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა.

საგარეო ვაჭრობის განვითარებაზე დამანგრეველი გავლენა იქონია პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა (ფოტო 12). ევროპის ქვეყნები ამას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიხვდნენ და გადაწყვიტეს ქვეყნები ეკონომიკურად ისე დაეკავშირებინათ, რომ  მორიგ ომს აზრი დაკარგვოდა – საზღვრების გახსნა, ერთიანი ვალუტა და ა.შ. ამ მიზნით, 1944 წელს დაიწყეს გაერთიანება ევროპის ქვეყნებმა – ბელგიამ ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა – ბენილუქსის ქვეყნები, რაც შემდგომში გახდა ევროკავშირის შექმნის საფუძველი.

4. 1947 – GATT / WTO – 1995:

ფოტო 13. 1947 წელს ხელი მოეწერა გენერალურ შეთანხმებას ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ (GATT), რომელსაც 1995 წლიდან – ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ეწოდება (WTO/ვმო).

ასეთ ფონზე ყველაზე ნათლად გამოჩნდა საბაჟო სამსახურის მნიშვნელობა, რომ ქვეყნებს შორის არ მომხდარიყო გაუკონტროლებელი ვაჭრობა. ამიტომაც, 1947 წელს ხელი მოეწერა გენერალურ შეთანხმებას ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ (GATT), რომელსაც 1995 წლიდან – ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ეწოდება (WTO/ვმო) (ფოტო 13). დღეისათვის ვმო-ს წევრია 164 ქვეყანა. იმავე წელს, GATT-ის მოთხოვნით, საფუძველი ჩაეყარა ქვეყნების საბაჟო სამსახურების გაერთიანებას.

5. 1953 – CCC / WCO – 1994:

ფოტო 14. საბაჟო სამსახურების გაერთიანებას 1953 წელს ეწოდა – საბაჟო თანამშრომლობის საბჭო, ხოლო 1994 წლიდან – მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO/მსო).

საბაჟო სამსახურების გაერთიანებას 1953 წელს ეწოდა – საბაჟო თანამშრომლობის საბჭო (CCC – Customs Co-operation Council), ხოლო 1994 წლიდან – მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO/მსო). დღეისათვის მსო-ს წევრია 182 ქვეყნის საბაჟო სამსახური და ის აკონტროლებს საგარეო ვაჭრობის 98 %-ს.

საბაჟო საქმის განვითარება საქართველოში

ფოტო 15. საბაჟო საქმის განვითარება საქართველოში.
  1. საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, 1993 წელს გახდა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი;
  2. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ვართ 2000 წლიდან.
  3. 1991 წელს მიღებულ იქნა პირველი საბაჟო კოდექსი, რომელიც დღემდე ხუთჯერ შეიცვალა (1991/1997/2008/2011/2019);
  4. 2005 წელს საბაჟო ორგანოებში დაიწყეს სტაჟიორების მასიური მიღება;
  5. 2005 წლიდან დღემდე მთლიანად განახლდა საბაჟო ინფრასტრუქტურა. მოეწყო თანამედროვე საბაჟო გამშვები პუნქტები (სგპ). აშენდა ექვსი გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზ);
  6. 2008 წელს შეიცვალა საბაჟო კოდექსი და მიღებულ იქნა საბაჟო საქმის მარეგულირებელი 40-მდე კანონქვემდებარე აქტი;
  7.  2011 წელს საბაჟო კოდექსი შეუერთდა საგადასახადო კოდექსს და 40 კანონქვემდებარე აქტი გაერთიანდა ორ დოკუმენტად;
  8. 2013 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცდა საბაჟო საქმის პროგრამა, რომლის ინიციატორიც იყო საქართველოს ბიზნესის აკადემია (SBA);
  9. 2015 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა საბაჟო საქმის სპეციალისტის სახელმძღვანელო;
  10. 2016 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა საბაჟო ზედამხედველობის მასწავლებლის გზამკვლევი;
  11. 2019 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა ევროპის საბაჟო კოდექსის მსგავსი ახალი საბაჟო კოდექსი. ამავე წელს, ის ორი საკანონმდებლო აქტიც გაერთიანდა ერთ დოკუმენტად.

მომავალ მებაჟეებს გვმართებს თვალი ვადევნოთ საბაჟო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს, რათა ვიყოთ კონკურენტუნარიანები ამ სფეროში.

* ხმელთაშუა ზღვა, ნაპირების სიახლოვის გამო, ხელს უწყობდა ახლად ფეხადგმულ ნაოსნობას იმ შორეულ დროში, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ არ იცნობდნენ კომპასს და შიშობდნენ მხედველობიდან დაეკარგათ ნაპირები.
** თუმცა კოლუმბს ეგონა რომ აღმოაჩინა ინდოეთი. ეს მიწა რომ ინდოეთი არ იყო დაამტკიცა ამერიგო ვესპუჩიმ. ამიტომაც ეწოდა ამ კონტინენტს ამერიკა.


რუბრიკის მხარდამჭერია


გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
clear sky
22.9 ° C
22.9 °
22.9 °
36 %
0.9kmh
0 %
Sun
35 °
Mon
37 °
Tue
38 °
Wed
37 °
Thu
35 °

მსგავსი