fbpx

პროფესიული განათლება სჯობს თუ აკადემიური განათლება


სტატიას წარმოგიდგენთ


შესავალი

სკოლის დამთავრების შემდგომი განათლება კარიერული ზრდის უამრავ შესაძლებლობას იძლევა. უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში მიღებული განათლება გვაძლევს იმ ცოდნასა და უნარებს, რაც აუცილებელია სასურველ ადგილზე მუშაობის დასაწყებად. მიუხედავად ამისა, სკოლის შემდგომი განათლების არჩევისას შესაძლოა წავაწყდეთ დილემას – პროფესიული განათლება მივიღოთ თუ აკადემიური?

სტატიაში ვისაუბრებ, თუ რა განსხვავებაა პროფესიულ და აკადემიურ განათლებას შორის. ვეცდები პრაქტიკული მაგალითებით გადმოვცე თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ერთი სიტყვით, თუ დაინტერესებული ხარ სკოლის შემდგომი განათლების საკითხებით, მაშინ ეს სტატია შენთვისაა 😉

პროფესიული და აკადემიური განათლების მოკლე განმარტება

პროფესიული განათლება გვაძლევს ერთი კონკრეტული სამუშაო ადგილისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს. მაგალითად, ფარმაცევტი, მზარეული, ფოტოგრაფი და ა.შ.
– ვრცელი განმარტება შეგიძლიათ იხილოთ აქ: საქართველოს კანონი პროფესიული განათლების სესახებ

აკადემიური განათლება გვაძლევს ერთი რომელიმე სფეროს შესახებ ფართო თეორიულ ცოდნას. მაგალითად, ეკონომისტი. ანუ, როგორც ეკონომისტს, შეგიძლია იმუშაო ფინანსისტად, ბუღალტრად, აუდიტორად და ა.შ.
– ვრცელი განმარტება შეგიძლიათ იხილოთ აქ: საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ

პროფესიული და აკადემიური განათლების შედარება

შესადარებლად ავიღოთ 7 ყველაზე აქტუალური კრიტერიუმი:

  1. სწავლის ხანგრძლივობა
  2. მალე დასაქმების შესაძლებლობა
  3. სწავლის ჯამური საფასური 
  4. პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება
  5. ღრმა თეორიული ცოდნა
  6. მრავალფეროვანი კარიერის შესაძლებლობა
  7. სახელმწიფო დიპლომი

განვიხილოთ ეს კრიტერიუმები ცალკ-ცალკე:

1. სწავლის ხანგრძლივობა. სწავლის ხანგრძლივობა პროფესიული განათლების  შემთხვევაში 2 წელს არ აღემატება. აკადემიური განათლების ხანგრძლივობა კი, სულ მცირე, 4 წელია. ისიც, მხოლოდ მისი პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) შემთხვევაში. ხოლო, თუ გააგრძელებ სწავლას, მაშინ დაემატება მაგისტრატურის 2 წელი და დოქტორანტურის 3 წელი. ანუ, საერთო ჯამში, აკადემიური განათლების მიღებაზე დახარჯავ 4, 6 ან 9 წელს.

ფოტო 1. პროფესიული განათლება უფრო მალე მთავრდება ვიდრე აკადემიური.

2. მალე დასაქმების შესაძლებლობა. ეს პუნქტი პირდაპირ კავშირშია პირველ პუნქტთან. როგორც აღინიშნა, პროფესიული განათლების დიპლომის ასაღებად 2 წელია საჭირო, ხოლო აკადემიური განათლების დიპლომის ასაღებად – 4. ანუ, პროფესიული განათლების დიპლომით სამუშაოს მოძიება, სულ მცირე, 2 წლით ადრეა შესაძლებელი.

ფოტო 2. პროფესიული განათლებით შესაძლებელია უფრო მალე დასაქმდე ვიდრე აკადემიურით.

3. სწავლის ჯამური საფასური. ეს პუნქტიც პირდაპირ კავშირშია პირველ პუნქტთან. აღინიშნა, რომ პროფესიული განათლება უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს ვიდრე აკადემიური. შესაბამისად, სწავლის ჯამური საფასურით, პროფესიული განათლება უფრო იაფია, ვიდრე აკადემიური.

ფოტო 3. სწავლის ჯამური საფასურით, პროფესიული განათლება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე აკადემიური.

4. პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება. თანამედროვე პროფესიულ კოლეჯებს გაფორმებული აქვთ მემორანდუმები პოტენციურ დამსაქმებლებთან. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიული სტუდენტები სწავლის გარკვეულ ნაწილს გადიან უშუალოდ სამუშაო ადგილზე. მაგალითად, ფარმაცევტი – აფთიაქში, მზარეული – რესტორანში, ფოტოგრაფი – სტუდიაში და ა.შ. შესაბამისად, სწავლის დამთავრების შემდეგ, პროფესიული განათლება გვაძლევს დიპლომსაც და პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებასაც, რასაც ასე ხშირად ითხოვენ დამსაქმებლები. მსგავს შესაძლებლობას აკადემიური განათლება არ იძლევა. უფრო სწორად, აკადემიურის დამთავრების შემდეგ გვაქვს დიპლომი, მაგრამ არ გვაქვს პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება.

ფოტო 4. პროფესიული განათლება გაძლევს პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებას, აკადემიური არა.

5. ღრმა თეორიული ცოდნა. ამ შემთხვევაში უპირატესობა აკადემიურ განათლებას აქვს. კერძოდ, აკადემიური განათლება გვაძლევს ერთი რომელიმე სფეროს საფუძვლიან თეორიულ ცოდნას. ანუ, თუ რომელიმე სფერო ძალიან გაინტერესებს, მაშინ ამ სფეროს შესაბამისი აკადემიური განათლება კარგი არჩევანი იქნება შენთვის. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, თეორია ისწავლება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია პრაქტიკული უნარების უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოსაყენებლად. 

ფოტო 5. აკადემიური განათლება გაძლევს ღრმა თეორიულ ცოდნას, პროფესიული არა.

6. მრავალფეროვანი კარიერის შესაძლებლობა. როგორც აღინიშნა, პროფესიული განათლება ორიენტირებულია ერთ პროფესიულ კარიერაზე, ხოლო აკადემიური განათლება – ერთ სფეროზე, რომელსაც აქვს რამდენიმე კარიერული შესაძლებლობა. განვიხილოთ მაგალითი: დავუშვათ აიღე ფარმაციის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და დასაქმდი ფარმაცევტად. მოგვიანებით დაგაინტერესა საექთნო საქმემ. ამ შემთხვევაში მოგიხდება საექთნო განათლების პროფესიული პროგრამის ცალკე გავლა. აკადემიური განათლების შემთხვევაში კი, თუ დავუშვათ სამართალის ბაკალავრის დიპლომი გაქვს, შეგიძლია აირჩიო – ადვოკატად იმუშავებ, ნოტარიუსად თუ პატრულ-ინსპექტორად.

ფოტო 6. აკადემიური განათლება იძლევა მრავალფეროვანი კარიერის შესაძლებლობას, პროფესიული არა.

7. სახელმწიფო დიპლომი. სახელმწიფოს მიერ აღიარებულია როგორც პროფესიული, ისე აკადემიური განათლების პროგრამები. შესაბამისად, სწავლის დამთავრების შემდეგ გაიცემა როგორც პროფესიული, ისე აკადემიური განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დიპლომი.

ფოტო 7. სახელმწიფო დიპლომი გაიცემა როგორც პროფესიული, ისე აკადემიური განათლების შემთხვევაში.

ზემოთ მოყვანილ შედარებას უფრო იოლად აღიქვამთ მე-8 ფოტოზე მოცემული ილუსტრაციით:

ფოტო 8. პროფესიული და აკადემიური განათლების შედარება.

და მაინც, რომელი ავირჩიოთ?

რომ შევაჯამოთ და რჩევის ფორმა მივცეთ ჩვენ სტატიას, მივიღებთ ასეთ დასკვნას:

თუ ზუსტად იცი რომელი პროფესია მოგწონს და სწრაფად გსურს მოცემული პროფესიით დასაქმება, მაშინ ამ მიმართულებით პროფესიული განათლება კარგი არჩევანია. ხოლო, თუ გსურს რომელიმე პროფესიის სიღრმისეული შესწავლა, მაშინ გირჩევ მიიღო აკადემიური განათლება. ამასთან, პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასაღებად 2 წელია საჭირო, ხოლო აკადემიური განათლების დიპლომისთვის – 4 წელი. შესაბამისად, სწავლის ჯამური საფასურით, პროფესიული განათლება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე აკადემიური.


რუბრიკის მხარდამჭერია


წყარო:www.matsne.gov.ge

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
clear sky
17.8 ° C
17.8 °
17.8 °
82 %
9.3kmh
0 %
Tue
33 °
Wed
32 °
Thu
30 °
Fri
30 °
Sat
26 °

მსგავსი