ბოლო პერიოდში სამყაროში სიტყვა NFT ფართოდ გავრცელდა. ბევრისთვის დღემდე გაუგებრად რჩება, რატომ იხდის ხალხი მილიონობით დოლარს ციფრულ ნახატებში, ფოტოებში და სხვა სახის ნაწარმში. ზოგისთვის ეს თემა იმდენად ბუნდოვანია, რომ NFT-ის ე.წ. ფულის ღია გასათეთრებელ საშუალებად აღიქვამს. არსებობს ასევე პრაქტიკული NFT რაზედაც მომდევნო სტატიაში გვექნება საუბარი.
რა არის NFT?
NFT ინგლისურად იშიფრება, როგორც Non-Fungible Token. Non-Fungible ნიშნავს იმას, რომ, NFT უნიკალურია და სხვა რამით ვერასდროს ჩანაცვლდება. NFT -ისაგან განსხვავებით, ბიტკოინი არის ცვლადი პროდუქტი, თქვენ შეგიძლიათ ერთი ბიტკოინი გადაცვალოთ სხვა კოინში ან ისევ ბიტკოინში და ამით არაფერი შეიცვლება, თქვენ ისევ იგივე ღირებულების მქონე პროდუქტს მიიღებთ.
NFT სინამდვილეში ახალი არც არაფერია. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ ნებისმიერი თანხა რომელიმე მხატვრის ორიგინალი ნახატის მატერიალურად შეძენისთვის. NFT-ც ამ პრინციპს ეფუძნება, იმ გნსხვავებით, რომ ნახატი (ფოტო, სიმღერა ან სხვა მასალა) ელექტრონულია.
წარმოიდგინე, რომ სახლში გაქვს ლეონარდო და ვინჩის ორიგინალი “მონა ლიზა”, რომელშიც გადაიხადე მილიონობით დოლარი. შემდეგ აღმოაჩინე, რომ შენს მეგობარსაც აქვს სახლში ჩამოკიდებული იგივე ნამუშევარი, რომელსაც ორიგინალისგან ფაქტობრივად ვერ გაარჩევ. და რაშია განსხვავება? რა თქმა უნდა – ორიგინალი ნამუშევრის არსში. რადგან შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც და ვინჩის მიერ შექმნილი ნახატი აქვს. შენ გაქვს საავტორო უფლება და სწორედ ეს არის უპირატესი. შენ ხარ გამორჩეული მსოფლიოში, რადგან გაქვს ერთადერთი ორიგინალი და ეს არის ღირებული.
ამ ლოგიკით აიხსნება NFT ტექნოლოგიის არსი. ეს ყოველივე, რასაც დღეს ჩვენ ფიზიკური სახით ვიძენთ, ნელ-ნელა ციფრულ სამყაროშიც გადადის. თუ მე შევქმნი რაიმე ციფრულ ნახატს სახელად “მეათე ტალღა” და განვათავსებ NFT მარკეტზე, ვინც მას შეიძენს, გახდება მისი ოფიციალური მფლობელი და ექნება საავტორო უფლების დამადასტურებელი საბუთი.
თავად NFT ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილია. ეთერიუმი ისეთივე კრიპტოვალუტაა, როგორც ბიტკოინი, Doge და სხვა. მათგან განსხვავებით ეთერიუმის ბლოკჩეინი NFT-ის გამოყენების საშუალებასაც იძლევა. ფაქტობრივად ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, როგორც NFT-ის. ამასწინად, ერთმა ინდონეზიელმა ბიჭმა, რომელიც საკუთარ თავს უღებდა ფოტოს 4 წლის მანძილზე, სელფების გაყიდვით 1 მილიონ დოლარზე მეტი იშოვა.
შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოს, რატომ იხდის ხალხი უცნობი ადამიანის სელფში ამდენ ფულს, მაგრამ სამყარო უცნაური და ამოუცნობია. რამდენი ადამიანიცაა, იმაზე მეტი ინტერესი არსებებობს კონკრეტული თემის მიმართ. ახლა მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ მომავლის ხელოვნება NFT-ია, ზოგისთვის კი ეს უბრალოდ ინვესტირების კარგი ადგილია.
როგორ გამოყენება NFT?
თუ შენ ხარ გრაფიკული დიზაინერი და თავში მოგივიდა ძალიან მაგარი იდეა. რაიმე საინტერესო ნახატი შექმენი და გინდა მისი გაყიდო. იმისათვის, რომ დაცული იყოს როგორც ნახატი, ისე შემქმნელი, არსებობს პლატფორმები, რომლებიც სპეციალურად NFT-ზეა მორგებული. მაგალითად Opensea არის ერთ-ერთი მსხვილი NFT მარკეტი, სადაც მსოფლიოში მოწინავე პროექტებია განთავსებული. მათ შორისაა CryptoPunks, რომლის ერთ-ერთი ნამუშევარი 24 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ამ პლატფორმით და ელექტრონული საფულე Metamask-ის გააქტიურების შემდეგ შესაძლებელია ნამუშევრის ატვირთვა. მხოლოდ განთავსება გაყიდვის გარანტი არ არის. ამ ყოველივეს კარგი მარკეტინგი სჭირდება. მას შემდეგ, რაც NFT ნახატი გაიყიდება, მყიდველის სახელზე იქმნება ოფიციალური დოკუმენტი, ხოლო ავტორი მუდამ იღებს პროცენტს ყოველი შემდგომი გადაყიდვიდან.
NFT-ის შეძენის მთავარი ხიბლი არის ის, რომ შენ ხარ ერთადერთი მფლობელი იმ ნამუშევრისა რომელიც მოგწონს, ეს შენთვის მომავლის სწორი ინვესტიციაა. ანუ იცი, რომ ხვალ მისი ფასი გაიზრდება და ამით ორივე მოგებული რჩებით, შენც და ავტორიც.
NFT სტარტაპები
NFT სამყარო ყოველდღიურად ვითარდება და ვხვდებით ახალი ტიპის ხარისხიან და საოცარ ნამუშევრებს. შეიძლება, ეს ყოველივე ფულის შოვნის პერსპექტივამ წაახალისა, თუმცა, მთლიანი ეკოსისტემა ნამდვილად განსაცვიფრებლად იზრდება. 2022 წლის იანვრის მონაცემებით NFT გაყიდვებმა ჯამში 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ნამუშევრებთან ერთად იბადება და იზრდება უამრავი სტარტაპი, რაც ციფრულ სამყაროს უფრო საინტერესოს ხდის.
Yield Guild
როგორი საოცარი ამბავია, როცა შეგიძლია თამაშით გამოიმუშავო ფული, არა?! მაშინ, როცა პანდემიამ მსოფლიოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად შეუტია და უამრავი სამუშაო ადგილი გაუქმდა, გაიზარდა Axie Infinity-ის პოპულარობა. ეს არის პლატფორმა, სადაც თამაშით შესაძლებელია კრიპტოვალუტების შოვნა. რიგ შემთხვებში მისი ყოველთვიური შემოსავალი სტანდარტულ ანაზღაურებასაც უტოლდება.
Yield Guild მიზნად ისახავს, გააფართოვოს თამაშით ფულის შოვნის კონცეფცია და მოუტანოს სათამაშო მოგება მილიონობით მოთამაშეს მთელს მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ დეცენტრალიზებული ფინანსური (DeFi) პროექტების უმეტესობა აგროვებს მილიარდობით დოლარს შედარებით მცირე რაოდენობის მდიდარი ადამიანებისგან, სტარტაპის მიზანია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაავრცელოს ფული შოვნის ეს სტრატეგია და განაგრძოს განვითარება მეტავერს სამყაროში. Yield Guild ერთგვარი შუამავალია PTE (Play-To-Earn) სამყაროსა და ამ სამყაროთი დაინტერესებულ ადამიანებს შორის.
სტარტაპი ფილიპინებში ჩამოყალიბდა 2020 წელს და დღემდე შეძლო 23 მილიონ დოლარამდე დაფინანსების მოპოვება
Rarible
რაც უფრო იზრდება მოთხოვნა NFT ნამუშევრების შეძენაზე, იმდენად იზრდება ამ ყველაფრის განსათავსებელი პლატფორმების რიცხვი. დღეს ჩვენ უამრავი ონლაინ კომერციული საიტი გვემსახურება, თუმცა არის რამდენიმე, რომლებიც განსაკუთრებით გვიყვარს იმიტომ, რომ შეკვეთა მალე მოაქვთ, ან ლამაზი დიზაინი აქვთ და ა.შ სწორედ ეს მიდგომა მუშაობს NFT მიმართულებითაც.
Rarible არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე NFT ბაზარი, რომელიც უზრუნველყოფს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ნამუშევრებით ვაჭრობას. ის რაც მას კონკურენტებისგან გამოარჩევს და ხდის უნიკალურს, არის საკუთარი კრიპტოვალუტა RARI, რომლის ჟეტონების ფლობით მომხმარებლებს შეუძლიათ გარკვეულ მენეჯერული ტიპის წინადადებებზე ხმის მიცემა, რაც გავლენას ახდენს პლატფორმაზე. ამ მიდგომით კომპანიის წლიური შემოსავალი 35 მილიონით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ Rarible-ზე მოღვაწეობა შუამავლის გარეშე შეიძლება, რადგან სტარტაპმა ჩააშენა Etherium-ზე აგებული განაწილებული ქსელი. სტარტაპი 2019 წელს დაარსდა დელავერში და დღემდე 16 მილიონი დოლარის დაფინანსების მოპოვება შეძლო.
MomentRanks
NFT სამყარო დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად მონაცემების აწონ-დაწონვა, შეფასება და განსაზღვრა მნიშვნელოვანი ნაწილია გადაწყვეტილების მიღებამდე.
MomentRanks არის NFT პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ანალიტიკასა და ერთგვარი თვალთვალის (Tracking) ინსტრუმენტებს. სტარტაპი უზრუნველყოფს გამოუცდელი ხალხის საგანმანათლებლო ინსტრუმენტებით მომარაგებას. ეს ყოველივე კი მათ საშუალებას აძლევს მარტივად ჩაებნენ NFT სამყაროში.
სტარტაპის ძირითადი მიმართულება NBA Top Shot მოყვარულთა აუდიტორიაა. მიუხედავად ამ კონკრეტული არჩევანისა, კომპანიამ დააგროვა ძალიან შთამბეჭდავი საბაზრო კაპიტალი 593 მილიონი დოლარის ოდენობით.
სტარტაპი 2020 წელს დაარსდა აშშ-ში და დღემდე 5.9 მილიონი დოლარი დაფინანსების მოპოვება შეძლო.
ConsenSys
რაც დრო გადის, მით უფრო მეტი კომპანია თუ პირი ცდილობს ციფრულ სამყაროში გადმობარგებას. ამ ყველაფერს კი დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია სჭირდება.
ConsenSys არის ბაზრის წამყვანი ბლოკჩეინის ტექნოლოგიური კომპანია. დეველოპერის ხელსაწყოებიდან დაწყებული საწარმოს გადაწყვეტილებებამდე, ConsenSys აშენებს Ethereum ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურას და აპლიკაციებს ახალი ეკონომიკური სისტემებისთვის, რომლებიც უფრო ღია, ეფექტური და უსაფრთხოა.
სტარტაპი დეველოპერებს, საწარმოებსა და ადამიანებს მთელს მსოფლიოში უქმნის შესაძლებლობას, რომ შექმნან შემდეგი თაობის აპლიკაციები, გაუშვან თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურა და შევიდნენ დეცენტრალიზებულ ქსელში. კომპანიის პროდუქტის კომპლექტი შედგება სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფისაგან. ერთ-ერთი ასეთი პროგრამული უზრუნველყოფაა ციფრული საფულე, რომელიც ემსახურება მილიონობით მომხმარებელს, მხარს უჭერს უამრავ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ მოთხოვნას და ამუშავებს მილიარდობით დოლარის ციფრულ აქტივებს.
სტარტაპი 2014 წელს დაარსდა აშშ-ში და დღემდე 275 მილიონი დოლარის დაფინანსების მოპოვება შეძლო.