fbpx

ილია ჭავჭავაძის ჩანახატი – რატომ არის ომი ცუდი

“წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა. ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა – უსაზღვრო. ცოდნას შეუძლია მიგიყვანოს “ა” წრტილიდან “ბ” წერტილში, ხოლო წარმოსახვას მიყავხარ ყველგან” – ალბერტ აინშტაინი. მოდი, დავუჯეროთ აინშტაინს და ცოტა ხნით წარმოსახვას მივმართოთ 😉

წარმოვიდგინოთ, ილია ჭავჭავაძის დროს რომ ყოფილიყო ინტერნეტი და ილიას საშუალება ჰქონოდა ბლოგ პოსტი დაეწერა – როგორი იქნებოდა მისი გადმოცემის მანერა? ან რა თემებს გააშუქებდა? ხომ საინტერესოა?

ხოდა, ოდნავ გათანამედროვებულ სტილში წარმოგიდგენთ ილია ჭავჭავაძის 1889 წლის ჩანახატს – “ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი”. ვეცადე ისეთი სიტყვებით გადმომეცა, რასაც დღეს ვიყენებთ სალაპარაკო ქართულში, მაგრამ ამავე დროს არ დაკარგულიყო ის ემოცია, რაც ორიგინალს ახლავს.

აქვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არც ამ სტატიის, და არც ილიას ჩანახატის მიზანი არ არის რომელიმე ქვეყნის პროპაგანდა. მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ გარემოებებზე, რაც გამორიცხავს ომსა და დაპირისპირებას ქვეყნებს შორის.

შეიარაღებული ევროპა და ამერიკის მომავალი

ილია ჭავჭავაძე, 25.02.1889

ომი ცუდია. მიუხედავად იმისა, რომ ეს აზრი ადვილი გასაგებია, მთელი ევროპა მუდამ იმას ცდილობს, საომრად მოემზადოს. ამ განზრახვით, ევროპის ქვეყნები უამრავ რესურს ხარჯავენ მრავალრიცხოვანი ჯარის შესანახად. ჯერ კიდევ ასორმოცდაათი წლის წინ, საფრანგეთის გამოჩენილი ფილოსოფოსი, მონტესკიე ამბობდა – “ევროპა თანდათან ზრდის ჯარს და თოფ-იარაღს, ამისათვის არ ზოგავს არავითარ ხარჯს და ამითი თავს იღარიბებს და იღატაკებსო”.

მონტესკიეს არავინ დაუჯერა. დღეს ევროპის ქვეყნები შეიარაღებული სხედან და მზად არიან ერთმანეთთან საბრძოლველად. ევროპის ამგვარ ცხოვრებას ერის გაღარიბება და გაღატაკება მოსდევს.

მაინც, რატომ იწვევს ერის გაღარიბებას გამუდმებული მზადება ომისთვის? ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ევროპას შეიარაღებული ჰყავს შრომისუნარიანი, მწარმოებელი მოსახლეობის მერვედი ნაწილი. ანუ, ევროპის მოსახლეობის მერვედი ნაწილი, წლიდან წლამდე ვერ მუშაობს, ვერაფერს აწარმოებს, მხოლოდ სამხედრო საქმეში ვარჯიშობს და თავის თანამოძმეთა ნაშრომ-ნაღვაწით იკვებება.

თუ ევროპისა და აშშ-ის შეიარაღების სტატისტიკას უფრო ღრმად ჩავხედავთ, დავინახავთ ასეთ სურათს:

ჯარისკაცების საერთო რაოდენობა:

  • ევროპა – 16 მილიონი
  • აშშ – 27 ათასი

ერთი ჯარისკაცის შესანახად ერთი მოქალაქის მიერ გაწეული ხარჯი:

  • საფრანგეთი – 25,5 ფრანკი
  • ინგლისი – 21 ფრანკი
  • გერმანია – 12,5 ფრანკი
  • აშშ – 4.5 ფრანკი

როგორც ხედავთ, აშშ-ის მიერ ჯარის შესანახად გაწეული ხარჯები საფრანგეთზე 6-ჯერ, ინგლისზე 5-ჯერ, ხოლო გერმანიაზე 3-ჯერ ნაკლებია.

ლოგიკურია, აშშ-ის სამხედრო მომზადება ბევრად ჩამორჩება ევროპისას. სამაგიეროდ ვაჭრობასა და მრეწველობაში შტატები ყველაფრით წარმატებულნი არიან ევროპის ქვეყნებზე. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ მაშინ როდესაც ამერიკის შტატები თანდათან იხდიან სახელმწიფო ვალებს, ევროპის ქვეყნები ყოველწლიურად ვალებში ეფლობიან. თუ საქმე ასე გაგრძელდა, აშშ ეკონომიკურად სულ ერთიანად დაიმორჩილებს ევროპას.

გარდა ამისა, რაც დრო გადის, ევროპაში უფრო და უფრო ძლიერდება ერთა შორის დაუნდობლობა და მძულვარება. ამ მხრივ ამერიკა სრულიად სხვა სურათს წარმოგვიდგენს. კერძოდ, აშშ-ის მიზანია შტატებს შორის მეგობრული კავშირის უზრუნველყოფა, რისთვისაც ქალაქ ნიუიორკში კონგრესი შეიკრიბა. ამ კონგრესზე საუბარი ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა პირობითა და საშუალებით უნდა შეერთდნენ ამერიკის შტატები ისე, რომ არცერთი მათგანი არ დაიჩაგროს.

სხვათა შორის, კონგრესზე ისიც დადგინდა, რომ შტატებმა ერთმანეთს შორის ყოველგვარი უსიამოვნება მორიგებითა და მშვიდობიანად გადაწყვიტონ.

P.S. უფრო სწორი იქნებოდა სათაური ასეთი ყოფილიყო – “ევროპის სამხედრო მომზადება და ამერიკის მომავალი”. თუმცა, ჩანახატის შინაარსიდან გამომდინარე და ჟურნალისტიკის თანამედროვე, #ინტრიგაზეორიენტირებული ტენდენციების გათვალისწინებით, ვფიქრობ – “შეიარაღებული ევროპა და ამერიკის მომავალი” უფრო მოუხდა 😉

მომავალ სტატიამდე! <3

გამოგვყევი:

FansLike
FollowersFollow
SubscribersSubscribe
Tbilisi
clear sky
11.8 ° C
11.8 °
11.8 °
47 %
1.5kmh
0 %
Sat
12 °
Sun
18 °
Mon
11 °
Tue
11 °
Wed
9 °

მსგავსი